Tuesday, May 8, 2012

ალკოჰოლიზმის სახეები

ალკოჰოლიზმი არის მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში ძნელად ინკურნება. დაავადება ვითარდება ალკოჰოლის რეგულარული, ხანგრძლივი მიღების შედეგად. მას ახასიათებს ორგანიზმის განსაკუთრებული პათოლოგიური მდგომარეობა, რაც გამოიხატება სპირტიანი სასმელებისადმი თავშეუკავებელ სწრაფვაში, სასმელისადმი შეგუების დონის ცვლილებასა და პიროვნების დეგრადაციაში.
ალკოჰოლიზმი, როგორც სამედიცინო ცნება აერთიანებს მწვავე ალკოჰოლურ მოწამვლას და ქრონიკულ ალკოჰოლიზმს.
ჩვეულებრივი ალკოჰოლური თრობა, რომელიც ხასიათდება ეიფორიით, კრიტიკისა და თვითკრიტიკის დაქვეითებით, გუნება-განწყობის მერყეობით (აფექტური განრისხება ან ტირილი), არ მოითხოვს სპეციალურ თერაპიულ ჩარევას. იგი მთავრდება ძილით და გამოფხიზლებით. ჩვეულებრივი დათრობის დროს, სხვადასხვა დამასუსტებელი ფაქტორის (უძილობა, გადაღლა, შიმშილი, გადატანილი ინფექციები, ტრავმები) ფონზე, შეიძლება განვითარდეს დათრობით გამოწვეული განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელსაც პათოლოგიური თრობა ეწოდება.
ქრონიკული ალკოჰოლიზმი ვითარდება ალკოჰოლური სასმელების ხშირი, ჭარბი და ხანგრძლივი მიღების შედეგად. მისი ძირითადი ნიშანი წარმოდგენილია აბსტინენციის (ანუ გამოზარხოშების) სინდრომით. ფსიქიკური ნიშნებიდან აღსანიშნავია გუნება-განწყობის ზოგადი ეიფორიული ფონი, აზროვნების გაღარიბება, ინტერესების შეზღუდვა, პიროვნების თავისებური დეგრადაცია. კრიტიკის, მეხსიერების, შემოქმედებითი უნარის დაქვეითება ზოგჯერ ისეთ ღრმა საფეხურს აღწევს, რომ ლაპარაკობენ ალკოჰოლურ ჭკუასუსტობაზე.
ზოგიერთ შემთხვევაში ალკოჰოლის ჭარბი მიღება შეტევით ხასიათს ატარებს და გრძელდება რამდენიმე დღე. შემდეგ შეტევამდე ავადმყოფი ალკოჰოლს არ ღებულობს. ამგვარ მდგომარეობას, რომელსაც წინ უსწრებს ხანდახან გუნება-განწყობის დაქვეითება, ეწოდება დიფსომანია.
ქრონიკული ალკოჰოლიზმის შედეგად ვითარდება ალკოჰოლური ფსიქოზები.
ქრონიკული ალკოჰოლიზმის ყველაზე ხშირი ფსიქოზური გართულებაა თეთრი ცხელება. დაავადება იწყება უეცრად, გრძელდება რამდენიმე დღე. ადგილი აქვს მხედველობით, ტაქტილურ (შეხებითი მგრძნობელობა) და სმენით ჰალუცინაციებს, ცნობიერების შეცვლას, დეზორგანიზაციას, საერთო მოუსვენრობას, ზოგჯერ ტემპერატურის მომატებას.
ქრონიკული ალკოჰოლიხმის ერთ-ერთი გართულებაა ალკოჰოლური ჰალუცინოზი. დაავადება ვითარდება ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს და თეთრი ცხელებისაგან განსხვავებით, ხასიათდება უხვი სმენითი ჰალუცინაციებით ნათელი ცნობიერების ფონზე. ხშირად ადგილი აქვს დევნის ბოდვას. მიმდინარეობს რამდენიმე კვირა (მწვავე ალკოჰოლური ჰალუცინოზი).
ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით კი ხანდაზმულ ასაკში, ალკოჰოლური ჰალუცინოზი მიმდინარეობს ხანგრძლივად, მრავალი წლის განმავლობაში. ბოდვითი აზრები შედარებით მკრთალად არის წარმოდგენილი, ავადმყოფს შენარჩუნებული აქვს კრიტიკული დამოკიდებულება თავისი დაავადების მიმართ (ქრონიკული ალკოჰოლური ჰალუცინოზი).
ქრონიკული ალკოჰოლიზმის შედეგად ვითარდება აგრეთვე ალკოჰოლური ბოდვა და კორსაკოვის ფსიქოზი ანუ ალკოჰოლური პოლინევრიტი.
ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად, მოზარდებს შეიძლება განუვითარდეს შაქრიანი დიაბეტი. ასევე, იშვიათობას არ წარმოადგენს სქესობრივი ფუნქციის მოშლა, რაც მდგომარეობს სქესობრივი უნარის დაქვეითებასა და ზოგჯერ სქესობრივ უძლურებაში. 
სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე დადგენილია, რომ ალკოჰოლიზმით დაავადებული ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა 10%-ით, ხოლო მამაკაცების 15%-ით ნაკლებია არამსმელებთან შედარებით.

1 comment:

  1. JackpotCity Casino - Overview, News & Competitors | Mapyro
    View 통영 출장마사지 JackpotCity Casino 서귀포 출장안마 (www.jackpotcitycasino.com) 여수 출장마사지 location 제주도 출장샵 in New London, revenue, 구리 출장샵 industry and

    ReplyDelete