Tuesday, May 8, 2012

ალკოჰოლის მოქმედების მექანიზმები


ლკოჰოლი სისხლში ხვდება კუჭ-ნაწლავიდან შეწოვის გზით. კუჭში შეიწოვება ალკოჰოლის მხოლოდ 20%, დანარჩენი 80%-ის შეწოვა კი წვრილი ნაწლავებიდან ხდება. კუჭ-ნაწლავში ალკოჰოლის შეწოვა ხდება იმის მიხედვით, თუ რა სახის სასმელში როგორი კონცენტრაციითაა ალკოჰოლი. ლუდისაგან ალკოჰოლი ორგანიზმში გვიან შეიწოვება, მასზე უფრო ადრე შეიწოვება ღვინისაგან, უფრო სწრაფად არყისაგან და კიდევ უფრო სწრაფად სხვა სპირტიანი სასმელებისაგან.
ნაწლავებიდან ალკოჰოლი კარის ვენის საშუალებით ხვდება ღვიძლში და იქ ხდება მისი თანდათანობითი ნეიტრალიზაცია.
სისხლში ალკოჰოლის მაქსიმალური კონცენტრაცია მისი მიღებიდან ერთნახევარი-ორი საათის შემდეგ ხდება. ამის შემდეგ იწყება მისი შემცირება - ნეიტრალიზაცია. თუ ალკოჰოლის სრულ ნეიტრალიზაციამდე განმეორდა მისი ხელახალი დოზების მიღება, ბოლოს და ბოლოს ორგანიზმი აღმოჩნდება ალკოჰოლის მუდმივი გავლენის ქვეშ.
ალკოჰოლის კონცენტრაცია ნერვულ ქსოვილში ხანგრძლივია და შედარებით დიდხანს რჩება. გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ ტვინის ქსოვილი ჭარბად შთანთქავს ალკოჰოლს და ძნელად თავისუფლდება მისგან.
ექსპერიმენტული გამოკვლევების გარდა, ამას ამტკიცებს თვით ავადმყოფის სუბიექტური ჩივილებიც: თავის ტკივილი, თავბრუ, საერთო მოდუნება, ორიენტაციის ცუდი უნარი, მოსაზრება-მოფიქრების გაძნელება, ფიზიკური სისუსტე, უხასიათობა, გუნება-განწყობის დაქვეითება.
ტვინის ქსოვილზე ალკოჰოლი მოქმედებს შერჩევით, რის სრული შესატყვისი სურათი აღსანიშნავია მთვრალი ადამიანის სომატურ-ფსიქიკური გამოვლინების მხრივ.
ალკოჰოლის ერთდროული თუ ქრონიკული მიღების შედეგად, იზღუდება რა ნერვული უჯრედის მუშაობა, ირღვევა ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლა. ცვლის დარღვევის შედეგად მიღებული პათოლოგიური პროდუქტები მეორადად მოქმედებს ნერვულ უჯრედებზე და ცვლის მის ისედაც შეცვლილ ფუნქციას, რაც შემდგომ განაპირობებს ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მძიმე სომატურ-ფსიქიკურ აშლილობებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სხვადასხვა სასმელის სახით მიღებული ალკოჰოლი სხვადასხვა სიძლიერით ახდენს ორგანიზმის მოშხამვას. გამოკვლევებით შესაძლებელი გახდა ალკოჰოლის მოქმედი მიახლოებითი დოზების დადგენა სხეულის წონასთან შეფარდებით. მაგალითად, ერთ კილოგრამ წონაზე 1,0-2,0 მლ ალკოჰოლის მოქმედება იძლევა მსუბუქ სიმთვრალეს, 4,0-6,0 მლ - მძიმე სიმთვრალეს, 7,0-10,0 მლ კი - ანესთეზიას.
სასიკვდილო დოზად ადამიანისათვის საშუალოდ კილოგრამ წონაზე ითვლება 6,0-8,0 მლ შეგუების შემთხვევაში ეს დოზა შეიძლება გაიზარდოს 0-40%-მდე.
ალკოჰოლის მიღებისას პირველ რიგში ითრგუნება თავის ტვინის ქერქის ნორმალური მოქმედება და თავდაპირველად ვითარდება განსაკუთრებული ფსიქიური მდგომარეობა - "ეიფორია", შეზარხოშება, რაც ნიშნავს გულარხეინობას. ეს არის სუბიექტურად სასიამოვნო მდგომარეობა, რომლის დროსაც შეიგრძნობა აგზნება, განსაკუთრებული მხნეობა, ძალის მოზღვავება, უსაზღვრო შესაძლებლობების შეგრძნება. ზოგჯერ ადამიანი შეიგრძნობს სასიამოვნო მოშვებულობას, სულიერ წონასწორობას.
ადამიანი, რომელმაც პირველად მიიღო ალკოჰოლი, კარგავს უნარს სწორად შეაფასოს თავისი შესაძლებლობანი, შეიძლება ჩაიდინოს ისეთი ქმედება, რასაც არ მოიმოქმედებდა ფხიზელ მდგომარეობაში. დადგენილია, რომ დანაშაულებრივ ქმედებასა და ძალადობის აქტებს ახალგაზრდები ჩადიან არაფხიზელ მდგომარეობაში. მსუბუქი სიმთვრალის მდგომარეობაში ადამიანები არიან მხიარულნი, ყველაფერზე საუბრობენ გულახდილად, უჩლუნგებათ კრიტიკისა და თვითკრიტიკის უნარი. აღნიშნული მდგომარეობა შემაკავებელი ცენტრების შესუსტებული მუშაობის შედეგია. ხშირი ეიფორია სუბიექტურად სასიამოვნოა,ობიექტურად კი საზიანოა ადამიანის ორგანიზმისათვის, რადგან ამ დროს ადამიანი მოწყვეტილია ობიექტურ რეალობას. ეიფორიის მდგომარეობა ძალზე საზიანოა ახალგაზრდობისათვის, რადგან როცა არ არის შემაკავებელი საწყისი, ქრება ურთიერთპატივისცემის, პასუხისმგებლობის გრძნობა.
ნარკოტიკული ეფექტის დასრულების შემდეგ აღინიშნება მძიმე ფსიქოსომატური და ნერვულ-ვეგეტატიური მოშლილობა, ე.წ. აბსტინენციური (ნაბახუსევი) მდგომარეობა. მას თან სდევს მოთენთილობა, მკვეთრად დაქვეითებული შრომისუნარიანობა, თავის ტკივილი, კიდურების კანკალი, ტკივილი სხეულის სხვადასხვა არეში. აბსტინენციის ყველაზე ტიპიური მდგომარეობაა ალკოჰოლური გამოზარხოშება. ამ მდგომარეობის სწრაფი მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ ალკოჰოლის განმეორებითი მიღებით. ადამიანს უვითარდება ალკოჰოლისადმი მოთხოვნილების დაუყოვნებლივ დაკმაყოფილების დაუოკებელი მისწრაფება, რომელიც თრგუნავს ყველა სხვა მოთხოვნას, მას მთლიანად ექვემდებარება ადამიანის არსება.

No comments:

Post a Comment